top of page

ფარცხალაძესთან დაკავშირებული ახალი პრორუსული მედია და აქტორები


ამ მასალაში მოგიყვებით ორგანიზაციის შესახებ, რომელმაც ერთი წლის წინ დაიწყო მაუწყებლობა; გაგაცნობთ, ვინ არიან ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები, რა კავშირი აქვთ რუსეთთან და რუს მაღალჩინოსნებთან; როგორ დაიწყო ახალმა მედიამ რუსული პროპაგანდის გავრცელება საქართველოში და რა მიზნები აქვთ მათ.


ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” 2021 წელს დააფუძნეს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულმა ორმა პირმა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.


ორგანიზაციის წესდების მიხდვით, “სოლიდარობა მშვიდობისათვის” წარმოადგენს საზოგადოებრივ გაერთიანებას არაპოლიტიკური პროექტით. Წესდების მიხედვითვე, დაფუძნებულია დემოკრატიის, სამართლიანობის, ჰუმანიზმის პრინციპებზე, მიუხედავად ეროვნებისა, მოქალაქეობისა, რელიგიური შეხედულებისა. ამასთანავე, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ფინანსების მოძიების გზად მიიჩნევენ ნებაყოფლობითი შემოწირულობების მოზიდვას ნაღდი ფულის ფორმით, ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ქონებით. 


მისი წევრია ფარცხალაძის შვილი ანზორ ანდრია ფარცხალაძე, რომელიც ასევე დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. დაფუძნებიდან მალევე ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისათვის” სოციალური გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც იყო, დაედგინათ მოქალაქეების აზრი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის, უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის თქმით, მათ 10 000 მდე ადამიანი გამოჰკითხეს და მათგან 70%-ზე მეტი აღნიშნული საკითხების დადებითად გადაწყვეტას ეთანხმებოდა.

 

2022 წელს ორგანიზაციამ დაიწყო მაუწყებლობა, კერძოდ, 2 გადაცემის ტრანსლაცია, როგორც ტელევიზიით, ასევე სოციალური ქსელის ფეისბუქის გვერდზე და იუთუბის საკუთარ არხზე. ჩვენ დავაკვირდით, თუ რა შინაარსის გადაცემებს ამზადებს, ვის იწვევს სტუმრად და რა გზავნილებს ავრცელებს ფარცხალაძესთან დაკავშირებული მედია.


კვლევის მეთოდოლოგია


ორგანიზაციას სოლიდარობა მშვიდობისთვის” ამ ეტაპზე 2 გადაცემა აქვს: “სოლიდარობის დრო დავით ახვლედიანთან ერთად” და “ახალი პარადიგმა მერაბ ჭიქაშვილთან ერთად”. გადაცემები ყოველ სამუშაო დღეს 19:00 საათზე გადის. 

ჩვენ დავაკვირდით ბოლო 4 თვის განმავლობაში გასულ 8 გადაცემას, თვეში ორი გადაცემა შევარჩიეთ. გადაცემებში სტუმრად იწვევენ ერთსა და იმავე ადამიანებს: ორგანიზაციის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრებს, კიდევ რამდენიმე მათთან დაკავშირებული ორგანიზაციის წევრებსა და ექსპერტებს. დაკვირვებისთვის გადაცემები ისე ავარჩიეთ, რომ სხვადასხვა სტუმრის აზრი შეგვესწავლა.


ხელსაწყო MediaSpeech-ის დახმარებით გავშიფრეთ გადაცემები, რითაც მთლიანობაში 200 გვერდამდე გაშიფრული მასალა გამოგვივიდა.


აღმოვაჩნეთ, რომ ორგანიზაციას “სოლიდარობა მშვიდობისათვის” აქვს ორი ფეისბუქ გვერდი.

CrowdTangle-ის დახმარებით შევისწავლეთ ორივე გვერდი და მათთან დაკავშირებული ჯგუფები, ასევე ამ გვერდების ადმინები და ჯგუფებთან დაკავშირებული პროფილები.  


აღმოვაჩინეთ, რომ “სოლიდარობა მშვიდობის” წევრები და გადაცემების აქტიური სტუმრები მონაწილეობდნენ მოსკოვში გამართულ რუსულ-ქართულ ფორუმში. ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი რომან ბოკერია იყო, ოთარ ფარცხალაძის რუსული კომპანიების დირექტორი.



2022 წელს ორგანიზაციამ მაუწყებლობა პრორუსული “ობიექტივის” სიხშირეზე დაიწყო.  ორგანიზაციის დირექტორი და გადაცემის წამყვანი მერაბ ჭიქაშვილი გასულ წლებში - ჯერ ობიექტივის ტელეწამყვანი, შემდეგ კი ამ ტელევიზიის მფლობელის, ირმა ინაშვილის, პრორუსული პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. მოგვიანებით, ორგანიზაციამ “სოლიდარობა მშვიდობისათვის”  ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია ტვ-4-ის ეთერში დაიწყო გადაცემების ტრანსლირება. აღსანიშნავია, რომ ეს ტელევიზია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ტელევიზიების მონიტორინგის კვლევის მიხედვით, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებაა.


ორგანიზაციას ორი ოფიციალური გვერდი აქვს: ერთი, როგორც პოლიტიკური გვერდი, მეორე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის გვერდი. არასამთავრობო ორგანიზაციის გვერდი ფეისბუქზე ავტორიზებულია პოლიტიკური რეკლამის დამფინანსებლად, 2022 წლის 18 სექტემბრიდან 2023 წლის 31 მაისამდე ჯამში 93 პოსტი აქვთ დაფინანსებული. “სოლიდარობა მშვიდობისათვის” ჰქონდა ასევე მესამე გვერდიც, რომელსაც 46 პოსტი აქვს დაფინანსებული, მაგრამ დღეს გვერდი გაუქმებულია.


ორივე გვერდი “სოლიდარობა მშვიდობისთვის” რამდენიმე წლის წინ სრულიად სხვა სახელებით და მიზნებისთვის შეიქმნა და მას შემდეგ სახელები რამდენჯერმე შეიცვალეს. ერთ გვერდს თავდაპირველად ერქვა “ჩვენ მოგვწონს სერგეენკოს მუშაობა” (დავით სერგეენკო 2012-2019 წლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი 2019-2020 წლებში პრემიერმინისტრის მრჩეველი, 2020-2023 წლებში კი  პარლამენტის დეპუტატი იყო “ქართული ოცნებიდან). მეორე გვერდის სახელი კი 2013 წელს იყო “consultation.ge” და შემდეგ - “ყმაწვილი”.

კვლევის პროცესში აღმოვაჩინეთ 20-მდე ჯგუფი, რომლებშიც “სოლიდარობა მშვიდობის” მასალა ზიარდებოდა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ აღნიშნული ჯგუფებიდან ორგანიზაციასთან უშუალო კავშირში 4 ჯგუფი შეიმჩნევა, სადაც ერთი და იგივე ადმინები არიან. ეს ჯგუფებია: სოლიდარობა მშვიდობისვის, NEWS Georgia & World, საქართველოსთვის და  საქართველო უპირველეს ყოვლისა. აღნიშნულ ჯგუფებში ადმინები არიან ერთი და იგივე ადამიანები.


ამავე ჯგუფების ნაწილი არაავთენტიკურ ქცევაში შეიმჩნევა. მაგალითად, ჯგუფი საქართველოსთვის პირველად 2022 წლის 21 მაისს შეიქმნა და  დასაქმება-ვაკანსიები ერქვა, სახელი ჯგუფმა დაახლოებით 5 თვეში შეიცვალა.


საინტერესოა ჯგუფი “NEWS Georgia & World”. აღნიშნული ჯგუფი 2018 წელს შეიქმნა და ერქვა პოლიტიკური პროცესი, 2020 წელს სახელი გადაიკეთა  “Welcome to Georgia”-დ. ამავე წელს ერქვა საქართველო, არჩევნები 2020, 2021 წლის ჩათვლით პოლიტიკური პროცესი, ხოლო 2022 წლის 29 მარტიდან სახელი “ნიუს ჯორჯიად” გადაირქვა.

ჯგუფს” საქართველო უპირველეს ყოვლისა” ასევე აქვს სახელის ცვლილების ისტორია. პირველად აღნიშნული ჯგუფი 2018 წელს დაარსდა და სახელი 2022 წლის 9 ოქტომბერს შეიცვალა. საინტერესოა ის გარემოება, რომ ჯგუფის ძველი სახელი არ იძებნება. 

კვლევის პროცესში აღმოვაჩინეთ ერთი ძალიან საინტერესო გარემოებაც, რომ ორგანიზაციის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” კონტენტი ზიარდებოდა ანტილიბერალური, პრორუსული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” ფეისბუქ ჯგუფებშიც.

დამატებით, აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთმანეთსაც სტუმრობდნენ გადაცემებში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემის  წამყვანი დავით ახვლედიანი გასულ წელს ალტ ინფოზე მუშაობდა და იყო წამყვანი.

ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ძირითადი გზავნილებია: 

  • ანტიამერიკული - “ამერიკა ებრძვის რუსეთს უკრაინაში და ყველგან, რათა გაანადგუროს ეს ქვეყანა”. 

  • “ევროკავშირს მართავს ამერიკა”, “ევროკავშირის წევრობა საქართველოს არ სჭირდება”, “ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას უკრძალავს რუსეთთან თანამშორმლობას”.

  • “რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შემდეგ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”, “საბჭოთა კავშირის დაშლა იყო საქართველოს დაღუპვა”. 


შეიძლება ითქვას, რომ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” არის ახალი მედიასაშუალება, რომელიც ავრცელებს რუსულ პროპაგანდას და ანტიამერიკულ და ანტიევროპულ გზავნილებს. ორგანიზაციის ხედვით, საქართველო უნდა იყოს სამხედრო ნეიტრალური ქვეყანა, ამასთანავე გადაცემებში წამყვანებიც და სტუმებიც ხაზს უსვამენ რუსეთთან საქართველოს თანამშრომლობის აუცილებლობას. ამ მედიასაშუალების გვერდების შესახებ ჯერ არათუ კვლევა, არამედ ინფორმაციაც აქამდე არ გავრცელებულა.


  

4 views

Comments


bottom of page