top of page

ახალგაზრდებისადმი მიმართული პრო-სახელისუფლებო კამპანია “მარტის პროტესტების” შემდგომ

Updated: Jan 22


2023 წლის მარტის მოვლენები თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პროტესტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოვლინებად იქცა. კანონმა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ. “რუსული კანონი”) ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთა შორისაც განსაკუთრებით ჭარბობდნენ ახალგაზრდები. “მარტის პროტესტების” ერთ-ერთი უნიკალური მახასიათებელი სწორედ მასში ჩართული სტუდენტებისა და ახალგაზრდების უპრეცედენტო რაოდენობა გახლდათ.


პროტესტის მასშტაბურობასთან ერთად, ბუნებრივია, საკმაოდ ფართო იყო მისი თანმდევი, პროსახელისუფლებო კამპანიაც, რომელიც უმეტესწილად, ახალგაზრდებს მიემართებოდა. ამ კამპანიის ფარგლებში, მარტის მოვლენების უშუალო მიმდინარეობისას და მას შემდეგაც, ხელისუფლების ოფიციალურ წყაროებში, პროსახელისუფლებო მედიაში, მხარდამჭერ გვერდებსა და ანონიმურ ჯგუფებში ახალი ტიპის გზავნილები გაჩნდა. ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფების სამიზნე აქამდეც გამხდარან, პროსახელისუფლებო კამპანიის ასეთი გამოკვეთილი ობიექტი ახალგაზრდები არასდროს ყოფილან. აშკარა გახდა, რომ მათ, როგორც ერთგვარ შესაძლებლობას / გამოწვევას ხელისუფლება და შესაბამისი პროსახელისუფლებო ელემენტები დიდ ყურადღებას უთმობენ.


პროცესების დინამიკაზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებისადმი მიმართულ კამპანიას მეტად კომპლექსური სახე აქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ე.წ. “სტაფილოსა და ჯოხის” მეთოდით(1) მუშაობს. მარტის შემდგომ, პროსახელისუფლებო კამპანიის ორი - ნეგატიური და პოზიტიური მიმართულება გამოიკვეთა. ერთი მხრივ, კამპანია ემსახურება Gen Z-ს დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, ახალგაზრდების "წახალისებას" ისეთი ინიციატივებით, როგორებიცაა უნივერსიტეტის სტიპენდიების გაორმაგება და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების გაუქმება. მეტიც, აქ შეგვიძლია დავინახოთ ერთგვარი დაყოფა ახალგაზრდების იმ სეგმენტებს შორის, რომელიც დიკრედიტაციის სამიზნე ხდება და რომელიც ერთგვარი "გადმობირების" ობიექტია.


დროის გასვლასთან ერთად, ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორებიცაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება და განსაკუთრებით, 2024 წლის არჩევნები, პოლიტიკურ დღის წესრიგში გარდატეხას შეიტანს. მოსალოდნელია, რომ ამ პროცესებში ახალგაზრდებისა და სტუდენტების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. შესაბამისად, ეს კამპანია უფრო მასშტაბურ და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ამიტომაც, განსაკუთრებით საინტერესოა, შევისწავლოთ ახალგაზრდებისადმი მიმართული კამპანიის ზოგადი ხასიათი და სტრუქტურა, რომელიც, რეალურად, კოორდინებული ნარატივისა და ერთი მიზნის მიხედვით ხორციელდება. კვლევის მიზანია, გამოკვეთოს კორელაცია და თანმიმდევრულობა ამ აქტორების ქცევაში და შეიმუშაოს ერთიანი, აშკარა სურათი, რაც უფრო გაამარტივებს პროსახელისუფლებო აქტორების შემდგომი ნაბიჯების კატეგორიზაციას და დისკრედიტაციის მცდელობებისა თუ მარტივი პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღმა რეალური მოტივაციის დანახვას.



მეთოდოლოგია


კვლევის საწყის ეტაპზე, Disinfoobserver (ISFED)-ის დახმარებით გამოიყო ისეთი პოპულარული ჯგუფები, ანონიმური მომხმარებლები და გვერდები, რომლებიც ყველაზე ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას. აღნიშნული დაკვირვების საფუძველზე შეიქმნა საძიებო სიტყვების სისტემა, რომელთა გამოყენებითაც, IBEX ხელსაწყომ აღმოაჩინა 809 - ნეგატიური და 609 პოზიტიური გზავნილის შემცველი პოსტი. მოპოვებული ინფორმაცია დამუშავდა Pandas ბიბლიოთეკით.


კვლევის შემდგომ ეტაპზე, Mediaspeech ხელსაწყოს გამოყენებით გამზადდა ტელეკომპანია POSTV-ზე შალვა რამიშვილის საავტორო გადაცემა “კონსერვატორიის” მარტის თვეში გასული სამი ეპიზოდის ტრანსკრიპტი.


მონაცემთა ზოგადი დამუშავების შემდეგ, მოპოვებული ინფორმაცია რამდენიმე ძირითად ნარატივად კლასიფიცირდა და გამოყენებული პროპაგანდის ტაქტიკები გამოიყო. ამ პროცესში, მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ნარატივების შინაარსი და მათი გავრცელების დრო, ისე მათი შესაბამისობა კონკრეტულ ტაქტიკებთან.


კვლევის შედეგების უკეთ გადმოსაცემად, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი, რომელზეც ძირითადი მიგნებების შესახებ განთავსდა ინფორმაცია. მარტივად აღქმადი და გასავრცელებელი ვიზუალების გამოყენებით, ვებგვერდი უზრუნველყოფს, კვლევის შესახებ ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიამდე სწრაფად და პროდუქტიულად მივიდეს. 



ნეგატიური კამპანია ახალგაზრდების წინააღმდეგ


პროპაგანდისტული გზავნილები, რომლებიც, ძირითადად, ახალგაზრდებს, როგორც ჯგუფს მიემართებოდა, შეგვიძლია რამდენიმე ფართო ნარატივად დავახარისხოთ. ყურადსაღებია როგორც გზავნილების შინაარსი, ასევე, მათი განაწილება დროში და თანხვედრა კონკრეტულ დეზინფორმაციულ ტაქტიკებთან.


პირველ რიგში, უნდა გამოიყოს ის Facebook  ანგარიშები, რომლებიც ნეგატიური კამპანიის ფარგლებში ყველაზე მეტად აქტიურობდნენ. ისეთი საკვანძო სიტყვების კომბინაციების გამოყენებით, როგორებიცაა: “gen-z”, “რევოლუცია”, “სატანისტები”, “ვანდალიზმი”, “მოლოტოვის კოქტეილი”, “ლიბერალური ფაშიზმი”, “რადიკალები”, “ლაზარე გრიგორიადისი” და “ფრანკლინის კლუბი”, კონკრეტულად მარტის პერიოდში, რამდენიმე აქტორი გამოიკვეთა: მათ შორის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ანონომური გვერდები (Irakli Garibashvili 4 Georgia, პოლიტიკური აბსურდი, ტერენტი გლდანელი, არ აგარევინებთ და სხვა) და პროსახელისუფლებო მედია (POSTV, Imedi).


ძირითადი ტაქტიკები და გზავნილები:

  • იარლიყები (ე.წ. Name Calling) - გულისხმობს დამამცირებელი ენის გამოყენებას პიროვნების, ჯგუფის ან იდეის უარყოფითი იმიჯის შესაქმნელად. გამოიყენება ოპონენტების დისკრედიტაციისა და დემონიზებისთვის, რათა შემდგომში გამართლდეს მათ მიმართ ძალისმიერი ქმედებები. 


ირაკლი ღარიბაშვილი:



  • შერჩევითი მანიპულირება - გულისხმობს ინფორმაციის შერჩევით წარდგენას, სურათების, ვიდეოების ან ციტატების გადმოცემას დამახინჯებული გზავნილის სახით. განსაკუთრებით აქტუალურია ციფრულ ეპოქაში. 



  • Big lie - ეს ტაქტიკა გულისხმობს ყალბი განცხადებით ან ფაქტებით მანიპულირებას და მათ გამეორებას იმდენად ხშირად და ისეთი თავდაჯერებულობით, რომ საბოლოოდ ისინი აღიქმება, როგორც სიმართლე. იდეა ისაა, რომ ადამიანების აზრით, არავინ იქნება ისეთი თავხედი, რომ ამხელა მასშტაბის ტყუილი გაავრცელოს. ამგვარ დეზინფორმაციას თან სდევს გამეორების ტექნიკაც, რომელიც გზავნილის ან იდეის იმდენად ხშირად გავრცელებას გულისხმობს, რომ ის  ნაცნობი და დამაჯერებელი ხდება. ამ ტაქტიკით შესაძლებელია, შეიქმნას კონსენსუსის ან სიმართლის ილუზია, მაშინაც კი, თუ ინფორმაცია არ არის ფაქტობრივი. 



  • scapegoating - კონკრეტული ჯგუფის ან ინდივიდის დადანაშაულება საზოგადოებრივ პრობლემებსა თუ გამოწვევებში. მთავარი მიზანია, გადაიტანოს ყურადღება რეალური საკითხებიდან და შექმნას საერთო მტერი, რომლის წინააღმდეგაც ხალხის აზრი გაერთიანდება. მაგალითები:

  • შეთქმულების თეორიები - დაფარული ინფორმაციისადმი ინტერესი ყველა ადამიანს აქვს, შესაბამისად, მისი გამოყენება პროპაგანდისა და დეზინფორმაციისთვის მარტივია. ვრცელდება უსაფუძვლო თეორიები, რომელთა მიზანია უნდობლობისა და ეჭვის გამოწვევა ოფიციალური ნარატივების მიმართ. მაგალითები: 

კონსპირაციული თეორიების მეორე ტალღა უკავშირდება მარტის აქციების დაკავშირებას წარსულ მოვლენებთან:



  • სატირა/პაროდია - მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ არსებულმა სატირული ხასიათის გზავნილებმა, შესაძლოა საზოგადოებაში არსებული განწყობები შეამსუბუქოს ან/და შეცვალოს გამავრცელებელი ძალის სასარგებლოდ.  ამიტომ, ხშირია მიმდინარე მოვლენების პაროდიულად გაშუქება, აქტორების დისკრედიტაციის მიზნით. მაგალითები:




  • “სხვებიც აკეთებენ ამას” / bandwagon effect - ხშირად აგრესიული ქმედებების გამართლება ხდება სხვების მაგალითების დახმარებით. “სხვებიც აკეთებენ ამას”. მარტის აქციების დროს პოლიციის თანამშორმების მიერ აქციის წევრების დაკავება და დარბევა სწორედ ამ ნარატივით გამართლდა. მაგალითები:



  • “მიზანში ამოღება” / selecting target - პროპაგანდისტები სამიზნედ ირჩევენ ცნობილ ადამიანებს. ეს ინდივიდები ხშირად არიან ისინი, ვინც ფლობს გავლენას, ძალაუფლებას ან პოპულარულია მასებში. შესაბამისად, მათი დისკრედიტაციის გზით შესაძლებელია მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. მაგალითები:




პოზიტიური კამპანია ახალგაზრდების მიმართ


“მარტის აქციების” შემდგომ ახალგაზრდების წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის პარალელურად, თითქმის მაშინვე დაიწყო საპირისპირო ნარატივების გავრცელება ხელისუფლებისა და პრო-სახელისუფლებო აქტორების მხრიდან.  იმის გათვალისწინებით, რომ მარტის მოვლენებში ახალგაზრდების ჩართულობის უარყოფა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, მათი დაყოფა “კარგ და ცუდ” ბანაკებად პრო-სახელისუფლებო აქტორებისთვის ყველაზე მომგებიანი სტრატეგია აღმოჩნდა. კვლევის მთავარი იდეა ეფუძნება ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში შესამჩნევად გააქტიურებული ინიციატივები და რიტორიკა, რომლებიც ახალგაზრდების კონკრეტულ სეგმენტს მიმართება ერთი დიდი ტაქტიკის ნაწილია, რასაც ნაშრომში “სტაფილოსა და ჯოხის” მეთოდს ვუწოდებთ. ხოლო ამის საბოლოო მიზანი ახალგაზრდების, როგორც საზოგადოების მნიშვნელოვანი და აქტიური სეგმენტის მიმხრობაა. 


ჯერ კიდევ 12 მარტის ინტერვიუში, სადაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ისაუბრა, აშკარა იყო ერთგვარი დაყოფა ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის: ერთ მხარეს იდგნენ “სატანისტები”, “დესტრუქციული ძალების მიერ მართული” სტუდენტები, ხოლო მეორე მხარეს - “გულანთებული ახალგაზრდები”, რომლებიც “არ იყვნენ აგრესიულები, მშვიდად იდგნენ, აპროტესტებდნენ, მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას”.


"კარგ” და “ცუდ” ახალგაზრდებად დაყოფის ეს ტაქტიკა შემდგომში სხვა პროსახელისუფლებო აქტორებმაც სწრაფად აიტაცეს. ამ კუთხით, ახალგაზრდებთან დაკავშირებული პოზიტიური გზავნილების გავრცელებით ასევე გამოირჩეოდნენ პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები, მათ შორის, “ბიძინა ივანიშვილი & საზოგადოება” და “Irakli Garibashvili 4 Georgia”. 



“დემონიზების” პროპაგანდისტული ტაქტიკა, რომელიც ადამიანების “კარგ” და ცუდ” ჯგუფებად დაყოფას ისახავს მიზნად, ამ პროცესს კარგად ხსნის. ეს მეთოდი სოციალური დაყოფასა და აღქმების მანიპულაციას უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში, “არააგრესიული”, “გულანთებული” ახალგაზრდები წარმოჩენილნი არიან “სატანისტი”, “მართული” და “პროვოკატორი” თანატოლების საპირწონედ. 


ცნობილია, რომ “მარტის მოვლენების” შემდგომ, განათლებისა და მეცნიერების ახალი მინსიტრი - გიორგი ამილახვარი დაინიშნა. ახალი მინისტრის წარდგენის შემდეგ, მომდევნო თვეების განმავლობაში, პრემიერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომლებიც სტუდენტებს შეეხებოდა: სტიპენდიების მიმღები სტუდენტების რაოდენობის გაორმაგება და სტიპენდიის გაზრდა; 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე  სტუდენტებზე გაცემული 1-წლიანი სტიპენდია; სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერა; უცხოეთში სწავლის დაფინანსება 1000-ზე მეტი “საუკეთესო” სტუდენტისთვის. 


ამ ინიციატივებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკასა და მთავრობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდების პოსტებში ხშირად შევხვდებოდით კონკრეტულ, ხშირად განმეორებად ფრაზებს: “წარჩინებული სტუდენტები”, “საუკეთესო”, “ნიჭიერი” ახალგაზრდები და სხვა. პროპაგანდის ტექნიკებში ერთ-ერთი გამორჩეული მეთოდია ე.წ “საქებარი სიტყვები” (Virtue Words), რაც გულისხმობს დადებითი მნიშვნელობის მქონე სიტყვების ხშირ და განმეორებად გამოყენებას, საზოგადოებაში პოზიტიური განწყობების გამოსაწვევად. მას შემდეგ, რაც “სატანისტების” რიტორიკამ უარყოფითი რეაქციების ტალღა გამოიწვია, ერთგვარი “დაბალანსების” მიზნით, ახალგაზრდების “კარგ” ჯგუფზე კონცენტრირება და ამ სეგმენტის ნაწილის “გადმობირება” ამ ტაქტიკის ნაწილია: ეს [სტიპენდიების გაორმაგება] არის ჩვენი მხრიდან ჟესტი, დაფასება ჩვენის სტუდენტებისა.”


IBEX ხელსაწყოთი მოპოვებული მონაცემები; ასახავს კონკრეტული საძიებო ფრაზების მიხედვით, დროის კონკრეტულ პერიოდში Facebook სივრცეში გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობას



დასკვნა


“მარტის პროტესტებმა” თანამედროვე საქართველოს რეალობაში დიდი გარდატეხა მოახდინა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ახალგაზრდების ჩართულობა და გააქტიურება გახლდათ. ამ ფენომენს კი ბუნებრივად მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან გაზრდილი ინტერესი. შემდგომ წლებში ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენებით იქნება დატვირთული. არსებობს მოლოდინი, რომ ახალგაზრდები ამ პროცესებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. შესაბამისად, მათზე ზემოქმედების ტაქტიკების შესწავლა მეტად დროული და საინტერესოა. მით უმეტეს, რომ დღესდღეობით, დიდი ინტერესის მიუხედავად, საქართველოს კონტექსტში Gen Z თაობის მიმართ არსებული კვლევების ნაკლებობაა. 


წინამდებარე კვლევაში პროსახელისუფლებო აქტორების მიერ ახალგაზრდებზე “სტაფილოსა და ჯოხის” მეთოდით ზემოქმედების ტენდენციას დავაკვირდით და გამოვკვეთეთ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი კავშირები ხელისუფლების მიერ ახალგაზრდების ერთი სეგმენტის დისკრედიტაციასა და მეორის (ამ შემთხვევაში სტუდენტების) წამახალისებელ ინიციატივებს შორის. ამასთან, ჩვენ მიერ შესწავლილი შემთხვევა უნიკალურია - ძირითადად, პროსახელისუფლებო კამპანიები ერთ, დადგენილ სივრცეში ხორცილდება - ონლაინ ან ფიზიკურად; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კამპანია ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში ერთდროულად მოქმედებს.


სრული საიტის ბმული: 


----------

(1) "სტაფილოსა და ჯოხის" მეთოდი (Carrot and stick) მეტაფორულად აღნიშნავს პოლიტიკას, რომელიც სასურველი ქცევის / შედეგის მისაღწევად იყენებს "დასჯისა" (ჯოხი) და "დასაჩუქრების" (საფილო) მეთოდს. სისტემა, რომელიც ზოგიერთი ქცევისთვის "გასაჩუქრებს", ხოლო ზოგი ქცევისთვის - "გსჯის".

20 views

Commentaires


bottom of page