top of page

რას ამბობს პროპაგანდა ჩინეთზე



საქართველო ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდა. მხარეებმა ურთიერთობის დამყარების შესახებ განცხადება 31 ივლისს გამოაქვეყნეს და ის ოთხი ნაწილისგან შედგება: პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთიერთობებისა და საერთაშორისო განზომილება.


ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაში ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ 2015 წლიდან გვარწმუნებდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში პრემიერ მინისტრმა კომუნისტური წყობის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორობა გამოაცხადა. სწორედ აქედან იწყებს პროჩინური პროპაგანდისტული მანქანაც ამუშავებას. 


ჩინეთზე პოზიტიური გავლენის მოპოვება ანტიდასავლური გზავნილების გავრცელების ხარჯზე ხდება. ადგილობრივი მთავრობის პროპაგანდისტები ამბობენ, რომ თითქოს აზიამ უფრო მალე მიგვიღო, ვიდრე ევროპამ. ისინი ყურადღებას უძველეს კულტურასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ამახვილებენ.


ჩინეთზე პოზიტიური განწყობების გამავრცელებელი წყაროებიდან ზოგიერთი ქართული პოლიტიკური პარტიების წევრი აღმოჩნდა. დაკვირვებით დადგინდა, რომ ბევრი ანტიდასავლური და პრორუსული შინაარსის პროპაგანდის გამავრცელებელი ხშირად პროჩინურ ნარატივებსაც ავრცელებდა. 



წყაროები სოციალური მედიიდან


სოციალურ მედიაში გამოკვლეული 61 პროჩინური წყაროდან 18 პერსონალური ანგარიში, 4 Facebook ჯგუფი და 39 გვერდი აღმოჩნდა. თითოული მათგანის დასახელებისა და მისამართის ნახვა შეგიძლიათ Facebook Sources ფაილში.


მონიტორინგიდან დადგინდა, რომ ყველაზე ხშირად Facebook გვერდი  “პატრიოტები” და ‘Georgia First NEWS” პროჩინურთან ერთად ანტიდასავლურ გზავნილებსაც ავრცელებდა. The Georgian Times, SP News სააგენტო სივრცეები, “ხალხის ძალა”, “ალტ-ნიუსი” და “ევროპელი სოციალისტები” კი ჩინეთს საქართველოსთვის საოცნებო პარტნიორად და ერთადერთ გამოსავლად წარმოაჩენდნენ. გვერდები - “Politicano პოლიტიკანო” და “Publicist.ge” - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მხარდასაჭერ პოსტებს აქვეყნებდნენ და ამბობდნენ, რომ მან სამყარო გააოცა და ის მსოფლიოს ლიდერია. გარდა Facebook გვერდებისა, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული ადამიანების პროჩინური განწყობის პოსტებიც, მაგალითად, ალტ-ინფოსთან აფილირებული პროპაგანდისტის ბექა ვარდოსანიძის. ხელისუფლებასთან დაახლოებული ანტიდასავლური ძალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” წარმომადგენელი ვატო შაქარაშვილი, კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც, ვარდოსანიძის მსგავსად, აქტიურად ავრცელებს ჩინეთის მხარდასაჭერ გზავნილებს და ამბობს, რომ საქართველოს დახმარება ქვეყნის გაერთიანებაში ჩინეთს შეუძლია და არა დასავლეთს.


მონიტორინგმა აჩვენა, რომ ინფორმაციის გავრცელებისთვის ეს ადამიანები ძირითადად საკუთარ აუდიტორიას სხვადასხვა დიდ ჯგუფში პოულობენ. შესაბამისად, ხშირად პოსტები ზიარდება მრავალრიცხოვან Facebook ჯგუფებში, როგორებიცაა, “გლობალური პოლიტიკა”, “PUBLICIST.GE - "გლობალური პოლიტიკა", “ცნობის ფურცელი”, “კონსტანტინე ჩიკვილაძე - საინფორმაციო ჯგუფი”.



რა გზავნილები უნდა მივიდეს ხალხამდე


მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა ოთხი ძირითადი პროჩინური ნარატივი, რომელსაც ზემოხსენებული წყაროები აქტიურად ავრცელებენ:



  • ჩინეთი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში დაგვეხმარება: პროპაგანდის თანხამად, ჩინეთს შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე და დაგვეხმაროს ქვეყნის გაერთიანების საკითხში.  დასავლეთი რუსეთს ეკეკლუცება - კონფრონტაციის არიდების მიზნით, მხოლოდ სიტყვით აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქმე კი სულ უკან და უკან მიდის და, რეალურად, დასავლეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში არ/ვერ ეხმარება. შესაბამისად, ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივის მიმართულებით საქართველომ სწორედ ჩინეთზე უნდა გააკეთოს აქცენტი. პროპაგანდის მტკიცებით, ჩინეთზე აქცენტის გაკეთება დასავლეთისა და ჩინეთის კონკურენციის პირობებში დასავლეთსაც გამოაფხიზლებს საქართველოსთანთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს გაერთიანებაზე კი არ (ან ვერ) მუშაობენ, არამედ პრაქტიკულად ცდილობენ, რომ დე-ფაქტო დაკარგული ტერიტორიების დე-იურედ დაკარგულად აღიარების სიკეთეები დაგვანახვონ და ოკუპირებული ტერიტორიების სახით არსებული „ტვირთი“ ამ გზით მოგვაშორონ.


  • ამერიკის ომი VS ჩინეთის მშვიდობა - ჩინეთი არ შეჭრილა სუვერენულ ქვეყანაში და არც ბომბებით გაუნადგურებია, რასაც ვერ ვიტყვით აშშ-ზე. შეერთებული შტატები „ჯოჯოხეთისკენ მიდის“ და მხოლოდ ჩინეთის პრეზიდენტის მსგავსი ძლიერი ლიდერი შეძლებს მის გადარჩენას. აშშ, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 5% ცხოვრობს, მოიხმარს მსოფლიო ნარკოტიკების 80%-ს - ე.ი. აშშ და მისი კულტურა მავნეა. ხოლო ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოსადმი აშშ-ს სერიოზულ ზეწოლას დააბალანსებს.


  • პროჩინურ-პრორუსული: ჩინეთი იქნება ერთ-ერთი გამაწონასწორებელი ძალის ცენტრი რუსეთთან ერთად ანგლოსაქსური გეოპოლიტიკის განმახორციელებელი ძალის ცენტრებთან მიმართებით. ასევე, ჩინეთი და რუსეთი ერთად დაამარცხებენ დოლარს/დოლარის ჰეგემონიას მსოფლიოში.


  • პოლიტიკური ნოუჰაუ და ოპოზიცია - არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია:  პროპაგანდისტების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩინეთთან, როგორც ახალ სტრატეგიული პარტნიორთან, დაახლოება შეფასებულია პოლიტიკურ ნოუჰაუდ. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩინეთთან პარტიორობის გაფორმებით უარი თქვა ბატონყმურ ურთიერთობებზე და თავს აღარავის უხრის. მათი თქმით, ბევრი ლიდერი ოცნებობს მილიარდ-ნახევრიანი ჩინეთის ტელევიზიაში გამოჩენასა და ირაკლი ღარიბაშვილის ადგილზე ყოფნაზე. ასევე, აღნიშნული ნარატივის ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ გზავნილები, რომ ჩინეთთან კავშირები საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. ეკონომიკური სიძლიერე კი, თავის მხრივ, განაპირობებს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხს. ჩინეთის მიმართ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, ამავე კონტექსტში ვრცელდება ოპოიზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მადისკრედიტებელი დისკურსიც, მაგალითად: “აკაკანდნენ ფსევდო-ლიბერალები და სიტყვით მედასავლეთეები” [საქართველოს მიერ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე]. გარდა ამისა, აქტიურად ვრცელდება გზავნილი, რომ ჩინეთში პრემიერ-მინისტრის დელეგაციის კარგი მასპინძლობა ქართველი ხალხის დაფასებას ნიშნავს.



ვინ ლაპარაკობს ჩინეთზე ყველაზე მეტს


ჩინეთზე პოზიტიური ნიუსებისა თუ მოსაზრებების გავრცელებისას Facebook-ზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან პარტია “ქართული ოცნების, ” “ხალხის ძალის,” “ევროპელი სოციალისტებისა” და “კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს” წევრები.



ვატო შაქარაშვილი - “საქართელო უპირველეს ყოვლისა” მოძრაობის დამფუძნებელია. მისი Facebook-პოსტები პროჩინური და ანტიდასავლური ხასიათისაა. 29 ივლისის Facebook-სტატუსში ის წერს, რომ საქართველოს გადარჩენა [ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით] ინტერესთა ბალანსშია და არა 30 წელი [ევროკავშირის] ღია კარში ცალ ფეხზე დგომაში. ამავე ტექსტში იგი აგენტებად მოიხსენიებს ყველას, ვინც ჩინეთთან პარტნიორობას ეჭვის თვალით უყურებს. მაგალითად, ქვეყნის მტრებად მოიხსენიებს “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელს, თინა ხიდაშელს და ოპოზიციური პარტია “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს, რომლებიც ჩინეთთთან ურთიერთობის საფრთხეებზე საჯაროდ საუბრობენ. ”ამერიკელების დაკვეთით მოქმედებთ და ანტიჩინურ კონფერენციაზე სპიკერები ტაივანიდან ჩამოგყავთ?! არაღიარების პოლიტიკის მიზანმიმართულ საბოტაჟირებას ეწევით!!! ” - წერს შაქარაშვილი, რომელიც სახელმწიფოს ღალატად მიიჩნევს ანტიჩინური გზავნილების გავრცელებას. “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუნებელს, ვატო შაქარაშვილს სწამს, რომ ჩინეთს ხელშესახები შედეგების მოტანა შეუძლია საქართველოს გაერთიანების საკითხში. ვატო შაქარაშვილი 6 ოქტომრის Facebook-სტატუსში მანიპულაციური კონტექსტის შემცველ, ანტიდასავლურ და პროჩინურ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, მისი თქმით, ჩინეთი არ გვიწესებს 12-პუნქტიან პირობებს, არ ერევა ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში, არ ინტერესდება საარჩევნო ბარიერით და არ აფინანსებს LGBT-პრაიდებს, განსხვავებით ევროკავშირისა.


ლუკა ეხვაია - CIPRF-ის უფროსმა მკვლევარმა 3 აგვისტოს Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილისთვის ჩინეთის პომპეზურ დახვედრაზე საუბრობს. ეხვაია ახალ პარტნიორთან ურთიერთობას უზარმაზარ გეოპოლიტიკურ ნოუჰაუდ აფასებს და ყველას, ვინ ამ ნაბიჯს საფრთხის შემცველს უწოდებს, პანიკის მთესველად მოიხსენიებს. აღნიშნული გზავნილი პროპაგანდისტულმა წყაროებმა გაავრცელეს და მისი მიზანი, სავარაუდოდ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ კრიტიკული და ალტერნატიული მოსაზრებებისა და მათი გამავრცელებლების მარგინალიზაციის მცდელობაა.


ზურაბ ქადაგიძე - “ხალხის ძალის” წევრი, რომელიც ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის გულითადი მხარდაჭერია. მისი Facebook-სტატუსებიც, როგორც სხვა პროპაგანდისტების, ანტიდასავლური და პროჩინური კონტექსტის მქონეა. მან 28 ივლისის სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელისა და აშშ-ს ყოფილი სენატორის, ადამ კიზინგერის, ფოტოები განათავსა, რომლებზეც ჩანს, რომ ისინი ჩინეთთან ურთიერთობას გმობენ. შაქარაშვილის მსგავსად, ქადაგიძეც პირად შეურაცხყოფად იღებს ჩინეთისადმი, როგორც ახალი პარტნიორისადმი, კრიტიკას და ხიდაშელზე წერს:"აი, ამ “ენჯეოშნიცას” მოტივი რა არის, თან გაუსაჯაროვებელ დოკუმენტზე ასეთი პრიმიტიული გამოხმაურება?"“ხალხის ძალის” წევრის თქმით, ღარიბაშვილს ლომის წვლილი მიუძღვის საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაში.



სად არის რეალური საფრთხე


BMG-მ ჩინეთის უმსხვილეს მედია ჯგუფთან, CCTV-სთან  ურთიერთგაგების მემორანდუმი და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა. CCTV ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ჩინეთის მთავრობის პროპაგანდისტულ ქსელში. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქართულ მედია ბაზარზე ამ ორი მედიის თანამშრომლობას თინათინ ხიდაშელს ვკითხეთ. იგი არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალო იდეა” - თავმჯდომარეა, რომელიც ჩინეთის გავლენას იკვლევს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და აქტიურად საუბრობს ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლო საფრთხეებზე. მისი აზრით, ჩინეთისთვის ხელსაყრელია BMG-სთან ურთიერთობა, ვინაიდან, მათ კომპანიებს ჩვენს ქვეყანაში სახელი აქვთ შელახული, BMG კი ბიზნეს წრეებში მაღალი რეპუტაციის სარგებლობს. აღსანიშანვია, რომ CCTV დამოუკიდებელი მედიასაშუალება არ არის და  ინფორმაციას ცენზურასთან შეთანხმებულად აწვდის მაყურებელებს. თინათინ ხიდაშელის განმარტებით, CCTV არის არასასურველი სუბიექტი დემოკრატიულ სახელმწიფოებში იმიტომ, რომ ის არის პირდაპირი პროპაგანდის იარაღი და აქვს კონკრეტულად გაწერილი პოლიტიკური დღის წესრიგი და მის მედია ბაზარზე შესვლას არ მიესალმებიან ბევრ ქვეყნებში. ის უბრალოდ დაბლოკილია, როგორც Russia today, რადგანაც CCTV არის კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი და არა თავისუფალი მედია საშუალება.


აქ არ არსებობს დამოუკიდებელი მედია, ის არსებობს როგორც მთავრობის პროპაგანდის ნაწილი, - გვიყვება ჩინეთის მოქალაქე. მისი თქმით, ჩინური სამთავრობო მედიის მიზანია, რომ საკუთარი მოქალაქეები დაარწმუნოს, როგორი ქაოსური და საშიშია დასავლური სამყარო. ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება მხოლოდ სპეციალური სერტიფიკატის მიღების შემდეგ შეგიძლია. ვინც დამოუკიდებლად ცდილობდა მთავრობის საქმეების გამოძიებას, ახლა ან მკვდარია, ან ციხეში ზის. ჩინეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტი არ არსებობს. თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით, ჩინური პროპაგანდა ქვეყნის გარეთ რბილად მოქმედებს. ის უფრო მეტად დამოკიდებულია ეკონომიკურ გავლენაზე, ვიდრე პოლიტიკურ ან სამხედრო ინტერვენციაზე. 


ჩინეთის მთავრობა მოვა და გეტყვით ქართველებს: "ჩვენ არ მოგაყენებთ ზიანს, უბრალოდ გვინდა ვაჭრობა და ინვესტიციები", მაგრამ მას შემდეგ, რაც სამიზნე ქვეყნის ეკონომიკა ზედმეტად დაეყრდნობა ჩინეთს და გარკვეული ადამიანები ამ ურთიერთობით სარგებელს მიიღებენ, სწორედ ამ დროს შეეძლება ჩინეთს დიდი ზეწოლის მოხდენა საქართველოზე ისე, რომ მას პასუხს ვერავინ მოსთხოვს, - გვიხსნის მოქალაქე ჩინეთიდან.


“სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე კი გვეუბნება, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობის დოკუმენტებში შეგვიძლია წავიკითხოთ, რომ მათი პროპაგანდის ამოცანა ჩინეთზე პოზიტიური იმიჯის გავრცელების ხელშეწყობაა. თუმცა, ისინი მხოლოდ საკუთარი თავის დამკვიდრებაზე აღარ მუშაობენ, ჩინეთი ებრძვის კონკრეტულ იდეოლოგიას, მსოფლიო წესრიგს, რომელსაც აშშ-ს ლიდერობით არსებობს. მაგ: 5-6 წლის წინ ჩინეთი მომხიბვლელ გადაცემებს უკვეთავდა სხვადასხვა ქვეყნებში, თავიანთი პროპაგანდის გასავრცელებლად, აპელირებას აკეთებდნენ უძველეს კულტურასა თუ სამზარეულოზე. დღეს სიტუაცია შეიცვალა, საქართველოს მაგალითზე და ჩვენ კვლევაზე დაყდრნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან ვხვდებით როგორც ანტიდასავლურ მესიჯებს, ასევე პროპაგანდისტულ პროგრამებს მათ კულტურაზე.



ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა Facebook რეკლამებში


  • საქართველოს მთავრობა: 26 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა Facebook გვერდმა 13 რეკლამა გაავრცელა, რაშიც 3700 დოლარიდან 5185 დოლარამდე გადაიხადა. ეს თანხა ორჯერ მეტია იმასთან შედარებით, რაც ამავე გვერდმა პრემიერ-მინისტრის გაერო-ში ვიზიტის შესახებ გავრცელებული პოსტების რეკლამაში გადაიხადა. 18-22 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე ასამბლეაზე გამოვიდა სიტყვით; შეხვდა: ესტონეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტებს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტიერეშს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის კი Facebook-ში სულ 12 რეკლამა გავრცელდა, რაშიც ჯამში 1500-2688 დოლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, ჩინეთის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ ინფორმაცია ასევე დასპონსორდა საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდის მიერ, რაშიც დამატებით 200-299 დოლარი გაიხარჯა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებასაც დაესწრო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ Facebook გვერდმა EPC-ზე გახსნის ღონისძიების შესახებ 2 პოსტი დაარეკლამა, რაშიც 300-500 დოლარამდე გადაიხადა. შედარება იმისა, თუ როგორ ხორციელდება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციები საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ, რას აპიარებს ყველაზე ძვირად, შეიძლება მეტყველებდეს მთავრობის პრიორიტეტებზეც.



  • საქართველო უპირველეს ყოვლისა Georgia First”: “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ვატო შაქარაშვილის მიერ დაფუძნებული კონსერვატიული გაერთიანების ოფიციალური გვერდია, რომელიც აქტიურად ავრცელებს ანტიდასავლურ და პროჩინურ ნარატივებს. სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებამდე, Facebook გვერდი ჩინეთთან დაკავშირებულ ინფორმაციას ძირითადად უკრაინის ომის გარშემო ავრცელებდა და ხშირად წარმოადგენდა აშშ-ს, როგორც ომის სახელმწიფოს, ხოლო ჩინეთს, როგორც მშვიდობის სახელმწიფოს - „ჩინეთმა თავისი სამშვიდობო გეგმით აშშ-სა და ევროპას შესანიშნავი ხაფანგი დაუგო." ხოლო სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმების შემდეგ გახშირდა გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. მაგალითად, გვერდი ასპონსორებს თავისივე ხელმძღვანელის ვატო შაქარაშვილის ვიდეოს ბრიფინგიდან, სადაც ის საუბრობს, რომ საქართველოს გამთლიანების იდეა ინტერესთა ბალანსშია [რაშიც, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას მოიაზრებს] და არა რომელიმე ერთი ძალის მორჩილებაზე.

 

  • არ აგარევინებთ”: არ აგარევინებთ იმ Facebook გვერდის გაგრძელებაა, რომელიც დაიბლოკა ISFED -ის ანგარიშის შემდეგ, სადაც ნათქვამია, რომ "არ აგარევინებთ" “უცნობის” - იგივე გია გაჩეჩილაძის - კოორდინებული, ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ქსელის ნაწილია, რომელიც ანტიდასავლური პროპაგანდის სამსახურში დგას. ახლა ეს გვერდი ანტიდასავლური და ოპოზიციის დისკრიმინაციული განცხადებების გარდა, არეკლამებს პოსტს, რომელიც მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყებას. ამ პოსტს Facebook-ზე 1.8 ათასი ინტერაქცია აქვს. 


გარდა ამისა, Ad Library-ში გვხვდება ჩინეთის შესახებ დასპონსორებული პოსტები პოსტვ-ისა და Pia.ge-ის მიერ. POS TV - პოსტივი სამი სხვადასხვა Facebook გვერდიდან: პოსტვ ანალიტიკა, პოსტვ ახალი ამბები და POS TV, - ასპონსორებს ქარდს და ვიდეოს, თუ როგორ შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს. ხოლო Pia.ge არეკლამებს სიძიპინის ციტატასა და მისი გამოსახულების ქარდს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ურთიერთობის ახალ დონეზე.


მედიაკავშირი ობიექტივი

ტელეკომპანია “ობიექტივი” ერთადერთი ტელევიზიაა, რომელმაც გადაცემები სი ძინპინს მიუძღვნა. არხი პრორუსული და ანტიდასავლური მასალის გავრცელებით გამოირჩევა, ასევე  პრორუსულ პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” აფილაციით.  27 სექტემბერს ბადრი ნაჭყებიამ სიხარულით გვამცნო ჩინეთის საელჩოსა და მათი ტელევიზიის საერთო წამოწყება. “გადაცემათა ციკლი ჩინეთზე” ჯერჯერობით ხუთჯერ გავიდა ეთერში. რეპორტაჟები ჩინურ-რუსული სუბტიტრებით არის, მაგრამ ქართულ ენაზეა გახმოვანებული. ის ძირითადად ქვეყნის ლიდერის ბიოგრაფიასა და მის ბრძნულ გამონათქვამებს მოიცავს. გადაცემის წამყვანმა პირველ ეთერში სტუმრად საქართველოში ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩი, ჭოუ ციენი მიიწვია. სტუმრობისას ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ამ სატელევიზიო პროგრამით ქართველი მაყურებელი მეტს შეიტყობს მათი ქვეყნის განვითარებისა და “ერთი სარტყელი - ერთი გზა” ინიციატივის შესახებ, საზოგადოებაში კი ჩინეთ-ქართული ურთიერთობებისა და საერთო მომავლის შესახებ მეტი ნდობა და სურვილი გაჩნდება.


რადიო ჯორჯიან თაიმსი

“რეალური პოლიტიკა - მალხაზ გულაშვილთან ერთად” ერთერთია, რომელიც მოწვეულ სტუმრებთან ერთად მსჯელობს ჩინეთთან ურთიერთობის მომგებიანობაზე. ეკონომიკის ექსპერტად წოდებულმა დავით გიორხელიძემ 14 აგვისტოს ეთერში თქვა, რომ ჩინელები არსად არ ატარებენ აგრესიულ პოლიტიკას, ამერიკისგან და რუსეთისგან განსხვავებით. გიორხელიძის ეს განცხადება სრულად სიმართლეს არ შეესაბამება, მას ალბათ გამორჩა დაძაბული ურთიერთობა ტაივანთან და ინდოეთთან. გადაცემები მსენელს ჩინეთისადმი კეთილგანწყობას უღვივებს. მაგალითად მოჰყავთ შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა ჩინეთში და ჩინელების შრომისოყვარეობა, რომლითაც, გადაცემაში გაჟღერებული მტკიცების თანახმად, ევროკავიშირია მოხიბლული. თავად წამყვანი კი სასიხარულო მოვლენად აფასებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ჩენგდუში. მალხაზ გულაშვილის ემოციური დამოკიდებულება ჩინეთისადმი გასაკვირი არც არის. გადაცემაში ახსენა, რომ თერთმეტჯერ არის ნამყოფი ჩინეთში, იცნობს ყველა პოლიტბიუროს წევრს,  ხოლო ორჯერ შეხვდა სი ძინპინს, 26 სექტემბერს კი მიიწვიეს სინხუანის სააგენტოში, სადაც ოცდათვრამეტ ქვეყანასთან ერთად შექმნა საინფორმაციო პლატფორმა და რომლის ვიცე-პრეზიდენტიც თავად არის. ამასთან, “ჯორჯიან თაიმსმა” 2021 წლის ივნისში კონფერენცია გამართა ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერით, თემაზე: “გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი”. შეხვედრა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის თავს ეძღვნებოდა. გულაშვილის გადაცემის აქტიური სტუმარი ჯერ ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი იყო, ახლა კი ჭოუ ციენს ვხედავთ ხოლმე მასთან სტუმრად. 


სეზონი TV

 “ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა ჩინეთში. როგორ შეიძლება, ამას არ შეხვდე დადებითად, იმიტომ, რომ ჩინეთი არის მეგა სახელმწიფო...” - ამ სიტყვებით შეაფასა ჩენგდუში პრემიერის ვიზიტი ნიკოლოზ მჟავანაძემ. მისი აზრით, საქართველოს გადარჩენა და აყვავება ჩინურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული. 


ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოში რუსული პროპაგანდის და ანტიდასავლური დეზინფორმაციის აქტიური გამავრცელებელია. მაგალითად, ის მაყურებელს ეუბნება, რომ ამერიკა შიმშილით გვკლავს და ყველა იმ ქვეყანასთან ურთიერთობას გვიშლის, რომელიც ეკონომიკურად სარგებლიანია. Მჟავანაძე მსმენელს არწმუნებს, რომ ჩინელები საქართველოში საწარმოებს გახსნიან და ადგილობრივებს დაასაქმებენ. ამის შემდეგ იგი შედარებას აკეთებეს დასავლეთთან, რომლებმაც, მისი თქმით, ჩინელები საქართველოში ახალ საწარმოებს გახსნიან და ადგილობრივებს დაასაქმებენ, მაშინ როცა ქართველებისთვის ევროპაში ცუდ სამუშაო პირობებს ქმნიან. წამყვანის მონოლოგი 10-წუთიანია, ვიდეოს 47 ათასი ნახვა, 1 900 რეაქცია და 450 კომენტარი აქვს.




31 ივლისი ქართულ ტელემედიებში


31 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება საქართველოს ცენტრალურ ტელემედიებში განსხვავებულად გაშუქდა. საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე დიდი დრო “რუსთავი 2”-მა და “იმედმა” დაუთმო, ყველაზე ნაკლები კი “მთავარმა არხმა” და “ფორმულამ”. “რუსთავი 2”-ის, “იმედისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებში ამ თემამ პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მთავარი არხისა და ფორმულას შემთხვევაში - მეშვიდე-მეექვსე. აღნიშნული განსხვავება ემთხვევა მოცემული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკას იმ კონტექსტში, თუ რამდენად პრო- ან ანტისამთავრობო მიმართულება აქვთ.


პროსახელისუფლო არხებზე, მმართველი პარტიის გარდა, “ხალხის ძალის” წევრებიც აქტიურად ჩანდნენ. ისინი ამერიკასა და ჩინეთს ერთმანეთს უპირისპირებდნენ საქართველოსთან მიმართებით. ამბობდნენ, რომ 2017 წლის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი არ შეხვედრია არცერთ პრემიერ-მინისტრს, აშშ-ს არ გამოუჩენია სურვილი - ჩინეთის უმაღლესი თანამდებობების პირები კი ღირსეულად დახვდნენ ირალი ღარიბაშვილს და სწორედ ასეთი მიდგომა არის დასაფასებელი. ოპოზიციურ მედიაში  - “მთავარი არხი” კი იმავე თემა კრიტიკულად გაშუქდა, სათაურით: “ღარიბაშვილის ჩინური ვიზიტის ფარული მიზნები”, სადაც შეფასებებს აშშ-ს ელჩი და ექსპერტები აკეთებდნენ. “მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვებებში ჩინეთის თემამდე გაშუქებულია ბათუმში რუსული საკრუიზო გემისა და მის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დაკავებულების ამბები.




დასკვნა


პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას საქართველოში პროჩინურიც წამოეწია. პროპაგანდისტების აქტიურობა ჩენგდუში ღარიბაშვილის ვიზიტიდან ანუ ივლისის თვიდან იწყება. ტრადიციულ და სოციალურ მედიაში ჩინეთის, როგორც საიმედო ქვეყნის იმიჯის ფორმირება დაიწყო. კვლევის პროცესში შევისწავლეთ და დავაკვირდით პროჩინური ნარატივების პირველწყაროს. გამოვიკვლიეთ ჩენგდუში ღარიბაშვილის ვიზიტის შესახებ დარეკლამებული პოსტების ხარჯები და დავაკვირდით გავრცელების არეალს. Mediaspeech-ით ამოვწერეთ პროპაგანდისტული გადაცემების დისკუსი, რაც დაგვეხმარა ანტიდსავალური-პროჩინური ნარატივების მიგნებაში. მაგ: “თქვენ [აშშ] მშიერი ხოცავთ ამ ქვეყანას და ვისთანაც შეიძლება ეკონომიკური სარგებელი, ყველასთან გვიკრძალავენ [ურთიერთობას],” -  ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე, გადაცემაში “სეზონი TV”. 


ჩინეთზე პოზიტიური გავლენის მოპოვება ანტიდასავლური გზავნილების გავრცელების ხარჯზე ხდება. მაგ: პროპაგანდისტების ნაცნობი ხელწერაა იმ აზრის ფორმირება, რომ აზიამ უფრო მალე გამოგვიწოდა დახმარების ხელი, ვიდრე ევროპამ. ეკონომისტებად თუ ექსპერტებად წოდებული ჩინეთის ქომაგები კი ეკრანიდან ირწმუნებიან, თითქოს ჩვენი ქვეყნის აყვავება ახალ სტრატეგიულ პარტნიორზეა დამოკიდებული. 


კვლევის პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რა როლი აქვს პროპაგანდისტულ გზავნილებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. მაგალითად, 3 წლის წინ, პანდემიისას, ჩინეთისა და ჩინელებისადმი ქსენოფობიური განწყობა ჭარბობდა. სოციალური ქსელის მომხმარებლები არაკორექტული სიტყვებით იხსენიებდნენ ჩინელებს, რადგან მათში ხედავდნენ ვირუსის გავრცელებაში დამნაშავეს. დღეს კი სურათი რადიკალურად შეიცვალა, პროჩინური გზავნილების გავრცელებამ გარკვეულწილად შედეგი გამოიღო. ხალხის გონებაში ჩინეთი უკვე ფორმირდება, როგორც უძველესი ცივილიზაციის მქონე, შრომისმოყვარე და საქართველოს მეგობარი ქვეყანა. 


კვლევაზე მუშაობამ გამოკვეთა წყაროები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და ავრცელებენ დეზინფორმაციის შემცველს კონტექსტებს. ნაშრომი დაეხმარება ახალბედა მკვლევარებს კვლევის პროცესის მარტივად წარმართვაში.



მეთოდოლოგია


პროჩინური ნარატივების იდენტიფიცირების მიზნით, მონიტორინგისთვის გამოვიყენეთ ხელსაწყო IBEX.  მისი დახმარებით მოვიძიეთ ყველა საჯარო პოსტი Facebook-ზე, რომელიც შეიცავდა საკვანძო სიტყვებს (keywords) ჩინეთთან დაკავშირებით. გამოვყავით 61 მთავარი წყარო, Facebook გვერდი, რომელიც პროჩინურ ნარატივებს ავრცელებდა. შემდეგ კი თითოეული პოსტი დავაჯგუფეთ მთავარ ნარატივებად. 


Mediaspeech ხელსაწყოთი გავაკეთეთ იმ გადაცემების ტრანსკრიპტები, რომლებიც 15 ივლისიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფრაგმენტებად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელსა და მედიაში, ჩინეთის მიმართ პოზიტიური სიგნალების გასავრცელებად. კონტენტ ანალიზით კი ვიკვლიეთ, ვინ იყვნენ ამ გადაცემების მთავარი სტუმრები და რას  აჟღერებდნენ ეთერში. გამოვყავით 3 მთავარი გადაცემა, რომლებიც აქტიურად განიხილავდნენ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის უპირატესობებს. ხოლო  31 ივლისის ტელემედიის მონიტორინგისას 5 ცენტრალური ტელევიზია შევარჩიეთ: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მთავარი არხი და ფორმულა. რაოდენობრივი კვლევის ანალიზმა აჩვენა, რა დრო დაუთმო ჩვენ მიერ შერჩეულმა ტელევიზიების საინფორმაციოებმა  ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაფორმების პროცესს.

206 views

Comments


bottom of page